ინვენტარისა და აპარატურის გადაცემა ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მედევაკის" პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შედგა.
ღონისძიებას ორივე კლინიკაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი ისკანდარ მინა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მედევაკის" პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით აღჭურვა, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყო შესაბამისი ტრენინგებით. ამასთან, პროექტმა მხარი დაუჭირა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ცოდნის გაღრმავებას ონკო-გინეკოლოგიაში და ხელი შეუწყო კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებული აქცენტით ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე", - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის, ისკანდერ მინას თქმით, ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს კიბოს პრევენციაზე მუშაობასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ზრდაზე ზრუნვას.
"კიბოს პრევენცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამუშაო მიმართულებაა, რადგან გვჯერა, რომ დაავადების დროულად გამოვლენასა და მკურნალობას ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ჩეხეთის "მედევაკის" მიერ დაფინანსებული პროექტის მეშვეობით რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლებს უკვე აქვთ თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მისცემს საშუალებას ადგილზე მიიღოს სამედიცინო მომსახურება", - აღნიშნა ისკანდარ მინამ.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში კი ამბობენ, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებული კლინიკებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ჩეხეთის მთავრობისგან იღებენ.
"ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა, რომელიც გათვლილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონში ჩვენი კლინიკების აღჭურვასა და პერსონალის გადამზადებაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან მკურნალობას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ეს მიდგომა ასევე ხელს შეუწყობს ადრეული დიაგნოსტიკის კუთხით მიმართვიანობის გაზრდას, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ გართულებებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მადლობას ვუხდით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის "მედევაკის" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ეს პროექტი ხორციელდება", - თქვა სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენელმა ლადო შელიამ.
ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელის გვანცა გასვიანის თქმით კი, ეს არ არის პირველი პროექტი, რომელის ფარგლებშიც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი სახელმწიფო კლინიკებს ეხმარება.
საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10 000-11 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთგან 53% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ხუთეულში შედის. დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები