შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ქალაქ ზუგდიდში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა.
ღონისძიებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასოციაცია ქსენონის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, ზუგდიდთან ერთად დღეს თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში აღინიშნა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის- 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მასალის გამოყენების პირობები