2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
პროექტის „კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში” ფარგლებში, დევნილებმა სხვადასხვა სახის სერვისზე ინფორმაცია მიიღეს.
ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქოლ-ცენტრში შესული ზარების უმრავლესობა ეხებოდა ჯანდაცვის სერვისებსა და ეკონომიკურ გაძლიერებას. კვირის მანძილზე ენგურზე იმართება 4 საინფორმაციო შეხვედრა.
დღეის მონაცემებით, ცხელი ხაზის მეშვეობით კონსულტაცია 621 ადამიანს გაეწია.
ცენტრის თანამშრომლები 141 ადამიანს სოციალური მიმართულებით ინფორმაციის მიღებაში დაეხმარნენ, მათ შორის განუმარტავდნენ, როგორ მიიღონ ერთჯერადი ფულადი დახმარება, ყოველთვიური ფულადი შემწეობა, შშმ პირის სტატუსი, ელექტრო ან მექანიკური ეტლი და სხვა.
214 ადამიანს კონსულტაცია ეკონომიკურ საკითხებზე გაეწია, მათგან უმეტესობამ განაცხადი მცირე ბიზნესის წამოსაწყებად შეიტანა. ჯამში, სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღეს შოპტურის 167 განაცხადი, დაახლოებით 60 პროცენტი რეფერირებული იყო ენგურზე არსებული საინფორმაციო ჯიხურიდან. მათგან 45 ადამიანმა მიიღო 500 დოლარის ოდენობის თანხა, რითაც შეიძინეს ბიზნესის წამოწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ინვენტარი. შოპ ტური 3 ნაკადად ჩატარდა.
186 ბენეფიციარს ჯანდაცვის მიმართულებით გაეწია დახმარება. ცენტრის წარმომადგენლებმა ისინი ქრონიკული დანიშნულების მედიკამენტების მისაღებად გადაამისამართეს, ამბულატორიული კვლევების ჩასატარებლად დევნილთა პოლიკლინიკაში, რეფერალური დაფინანსების მოსაპოვებლად და სხვა.
ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების ყველაზე მწვავე პრობლემას მედიკამენტებზე წვდომა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საინფორმაციო ჯიხურის მეშვეობით, დევნილებს გაუწიეს კონსულტაცია, მედიკამენტების, სამედიცინო კვლევებისა და ოპერაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. უმეტესობა სრულიად დაფინანსდა, ნაწილს კი ღირებულების ნახევარი დაერიცხა. განაცხადები შედგა ფორმა 100 და სამედიცინო ობიექტიდან მიღებული კალკულაციის საფუძველზე. ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა მოახდინეს რამდენიმე ბენეფიციარი გადაამისამართეს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოში, ქრონიკული დანიშნულების მედიკამენტების მისაღებად, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ 3 თვის სამყოფი წამლები, ფორმა 100 საფუძველზე.
„54 ადამიანმა იურიდიულ საკითხებზე მიიღო ინფორმაცია, რაც გულისხმობს სხვადასხვა დოკუმენტაციის მოწესრიგებას, სოციალური დახმარების აღდგენა/მიღებას, მოქალაქეობის მიღებას, ბინადრობის მოწმობის მიღებას და სხვა.
DRC და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 15 ქალს, დევნილთა კოლექტიური დასახლებიდან, ფსიქოლოგმა მომსახურება გაუწია. მათგან 1-მა ქალმა 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიარა ფსიქოლოგთან ინდივიდუალური კონსულტაციაც.
26 ადამიანს დაეხმარნენ საგანმანათლებლო მიმართულებით. ისინი ჩაერთნენ სხვადასხვა ტრენინგსა და სასწავლო პროგრამაში.
10 ადამიანს კი გაეწია სხვადასხვა სახის კონსულტაცია ერთდროულად“, - განმარტავენ ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“.
მათივე ცნობით, გესთჰაუსით ისარგებლა ჯამში 19-მა ადამიანმა. მათი უმრავლესობა რუხის რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობდა, მათ შორის ეთნიკურად აფხაზები.
„იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დარეკეს კლინიკიდან განთავსების თაობაზე, თუმცა ორივე ოთახში განთავსებული იყო ბენეფიციართა სრული რაოდენობა. მათი უმრავლესობა გესთჰაუსში რჩება მანამ, სანამ ოჯახის წევრი არ გაიწერება კლინიკიდან, 1 ადამიანის გესთჰაუსით სარგებლობის ვადა საშუალოდ შეადგენს 7-10 დღეს. ბენეფიციარები სარგებლობენ საერთო სამზარეულოთი და თვითმომსახურების სერვისით“, - აღნიშნავენ ქოლ-ცენტრის წარმომადგენლები.
ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00 - 18:00 საათამდე. აქვე აღნიშნულია, რომ არასამუშაო საათებში დარეკვის შემთხვევაში, ზარი დაფიქსირდება და ცენტრის ოპერატორები თავად დაუკავშირდებიან ბენეფიციარებს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.
ცხელი ხაზის ნომერია - 032 2 152 911
Whatsapp & Viber - +995 577 960 444
მასალის გამოყენების პირობები