მთავრობის მეთაური სოფელ თამაკონში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი წვიმის
შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მასშტაბურმა
სტიქიამ არაერთი რეგიონი დააზარალა, დაანგრია ხიდები, ჩარეცხა გზები,
დატბორა სავარგულები და დახოცა მსხვილფეხა პირუტყვი.
"ძალიან დიდი ზარალია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც
ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. რაც მთავარია, აღდგენითი სამუშაოები უკვე
დაწყებულია. ხვალიდან შემოვა შესაბამისი ტექნიკა და მაქსიმალურად
დავახმართ დამატებით, გამარტივებული შესყიდვით შევისყიდით ყველა ამ
სამუშაოს და ლოდინი საჭირო არ იქნება".
მან, ასევე მიუსამძიმრა მდინარე აბაშაშისწყალში დაღუპული 16 წლის
მიხეილ ბერიშვილისა და მაშველ ელგუჯა ჯამრიშვილის ოჯახებს. ის
ახალგაზრდის დახმარებას ცდილობდა,რა დროსაც დაიღუპა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ თამაკონში, ვიცე-პრემიერი
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია
და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის
დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო,
შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები