ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების
შესახებ, საქართველოს მთავრობასა
და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“
შორის, საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერის
ცერემონიას, რომელიც 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ანაკლიაში
გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების
კონსორციუმის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე
კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი
გოვერტ ვან ოორდი დაესწრებიან.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება;
პროცესი 9 ფაზას მოიცავს. პორტის
გამტარუნარიანობა, წელიწადში 100 მილიონი
ტონა იქნება. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ
სამუშაო ადგილს შექმნის.
პორტი 400 ჰექტარის ფართობზე შენდება და მისი მშენებლობისა და
განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ნავსადგური
2020 წელს გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები