დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება „მოქალაქეობის“ მინიჭებას ჰპირდება იმ
ქართველებს, რომლებიც „აფხაზურ
ფესვებთან“ დაბრუნების სურვილს და მათთვის „ისტორიული“, აფხაზური
გვარების აღდგენის თხოვნით „პრეზიდენტს“ მიმართავენ. ამის შესახებ
გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ,
განაცხადა წერს Civil Georgia.
„აქ ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს აიძულებენ ამის გაკეთებას. ეს იყო
თქვენი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რათა მიგემართათ
„პრეზიდენტისთვის“ მოქალაქეობის მინიჭების და თქვენი ისტორიული
გვარების აღდგენის თხოვნით“, - განაცხადა ნადარაიამ 26 ივლისს
გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“
ხელმძღვანელები და „ისტორიული გვარების“ აღდგენის მსურველი 30-მდე
ადგილობრივი მცხოვრები დაესწრო.
ნადარაიას თქმით, მსურველებს ახლა შესაძლებლობა აქვთ მიიღონ პასპორტი,
რომელშიც ეროვნებად მითითებული იქნება „აფხაზი“, ხოლო გვარი იმ
ცვლილებების გარეშე ჩაიწერება, რომელბსაც მისი თქმით, საბჭოთა
კავშირის დროს აკეთებდნენ, როდესაც გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი
„გააქართველეს“.
იმავე შეხვედრაზე „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ თავმჯდომარის
მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ, დამსწრეებს რაულ ხაჯიმბას მიერ 19 ივლისს
გამოცემული განკარგულება გააცნო, რომლის თანახმად, პირველ 31
განმცხადებელს „ისტორიული“ გვარის აღდგენის მოთხოვნა დაუკმაყოფილდა
და, ამის საფუძველზე, აფხაზეთის „მოქალაქეობა“ მიენიჭა.
19 ივლისს ჩატარდა და ქალაქ გალის 85 წლისთავის აღსანიშნავ
ღონისძიებებს დაემთხვა „მურზაყანელ აფხაზთა საბჭოს“ პირველი
კონფერენცია, რომელიც წინ უსწრებდა 26 ივლისის გალის აფხაზურ
ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრას.
რეზოლუცია, რომელიც „მურზაყანელ აფხაზთა საბჭომ“ პირველ კონფერენციაზე
მიიღო, მოუწოდებს „აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრებ“ პირებს,
რომელთა გვარებიც „სტალინისა და ბერიას დროს“ ქართულ გვარებად
გადაკეთდა, „თავიანთ ისტორიულ [აფხაზურ] ფესვებთან დასაბრუნებად ყველა
ღონე იხმარონ“. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის
ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
ზუხბას თქმით, ორგანიზაცია „სამი თვის განმავლობაში, ხელისუფლების
მხარდაჭერით“ იძიებდა „ისტორიულ ფესვებთან“ დაბრუნების პოტენციურ
მსურველებს და ამ დროისათვის 4500 ასეთი პირი გამოავლინა. ზუხბა ასევე
გამოვიდა წინადადებით, გალში შეიქმნას სკოლა-პანსიონი, სადაც
„განსაკუთრებული ყურადღება და პრიორიტეტი აფხაზური ენისა და
ლიტერატურის, ასევე - აფხაზეთის ისტორიის შესწავლის უფლება
მიენიჭება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ, 21 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება,
რომელშიც აღნიშნავდა, რომ „სამწუხაროდ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი
აგრძელებს ყოვლად მიუღებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გალის გეტოში
მომწყვდეული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ“.
გალელი ქართველებისთვის ეთნიკური იდენტობის შეცვლის მცდელობას ჯემალ
გამახარიამ „ქართველთა დისკრიმინაციის ახალი ფორმა“ უწოდა და აღნიშნა,
რომ იმ „ანტიისტორიული თეორიის“ ავტორებმა, რომლის მიხედვითაც გალის
რაიონის მოსახლეობა საბჭოთა დროს ძალით გააქართველეს, „ყველაზე კარგად
უწყიან, რომ ისინი ურცხვად ცრუობენ“.
„აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნების საფუძველზე, გალში მცხოვრები
პირებისათვის აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭების გადაწყვეტილება
მიღებულია მას შემდეგ, რაც, თითქმის ორი კვირის წინ, გალში მცხოვრები
სხვა ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის მოწმობების“ გაცემა
დაიწყო. ბინადრობის ნებართვა გალში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნების, აფხაზეთში ცხოვრების, საკუთრების გაყიდვის
ან მემკვიდრეობით გადაცემის და დანარჩენ საქართველოში გადაადგილების
საშუალებას აძლევს, თუმცა სრულად ართმევს პოლიტიკურ უფლებებსა და
ქონების ყიდვის უფლებას.
მასალის გამოყენების პირობები