კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიაში,
ლანჩვალში, ორ სვანურ კოშკს შორის მდებარე ლურჯსახურავიანი
შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს. სააგენტოში აცხადებენ, რომ მესტიის
გენერალური გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში აღნიშნული შენობა
რეაბილიტირდება.
"შენობა გადაიხურება ყავარით ან მშრალი ფიქალით და კედლები მოეწყობა
შესაბამისი მასალებით, რომ მკვეთრად უარყოფითი იერსახით არ იყოს
საერთო ლანდშაფტში“, - უთხრეს რადიო
„ათინათს“ სააგენტოში.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დააფინანსებს
აღნიშნულ პროექტს, რომელიც უახლოესი ერთი წლის განმავლობაში
შემუშავდება.
სააგენტოში ამბობენ, რომ ლანჩვალში საცხოვრებელი სახლი 2001-2002
წლებში უნებართვოდ აშენდა. მისი მფლობელი კი ამჟამად გარდაცვლილია.
ორსართულიანი შენობის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და
მომხმარებლების უარყოფითი კომენტარები გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები