გალის რაიონის სოფელ თაგილონში, რომელშიც 23 ბავშვი სწავლობდა დე
ფაქტო ხელისუფლებამ საბაზო სკოლა დახურა. „ოფიციალური“ ბრძანება
სკოლის დირექტორს ჯერ არ მიუღია, თუმცა
რაიონის წარმომადგენლობამ მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი
თაგილონისა და ნაბაკევის საშუალო სკოლებში უკვე გადაანაწილეს.
ინფორმაციას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე
ბესიკ ოდიშარია ადასტურებს.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონის საბაზო სკოლაში (9 კლასი),
სექტემბრის მდგომარეობით, 23 ბავშვი სწავლობდა და 12 პედაგოგი
მუშაობდა.
ე.წ. ოპტიმიზაციის შედეგად, 15 მოსწავლე ჩაირიცხა თაგილონის საშუალო
სკოლაში 8 მოსწავლე სოფ. ნაბაკევის მე-13 სკოლაში. სხვადასხვა
სკოლებში გადაანაწილეს მასწავლებლებიც. თუმცა, 5 მათგანის სხვა
სასწავლებელში გადაყვანის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, რადგან ისინი
საპენსიო ასაკის არიან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ კონფლიქტამდე გალის
რაიონში 58 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა და დროთა განმავლობაში,
31-მდე შემცირდა.
„სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება. საკითხი IPRM-ის შეხვედრაზეც
დავაყენეთ და დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი. მუშაობა ჩვენს
პარტნიორებთან მიმართულია იქითკენ, რომ შეკავდეს ეს პროცესი“ –
განაცხადა ციხელაშვილმა.
წყარო: "აფხაზეთი ინფო"
მასალის გამოყენების პირობები