რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები
2018 წლის ზაფხულში
დასრულდება, თუმცა, როდიდან დაიწყებს კლინიკა პაციენტების მიღებას,
უცნობია. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის დასრულებულია შენობის კონდიცირების და ვენტილაციის
სისტემების შიდა გაყვანილობების მონტაჟი, უახლოეს პერიოდში დაიწყება
შენობის შიდა მოპირკეთების და სხვა მიმყოლი სამუშაოები“, - აღნიშნეს
სამინისტროში.
რაც შეეხება მედპერსონალს, კლინიკისთვის ექიმების შერჩევა მომავალი
წლიდან დაიწყება.
რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წელს
დაიწყო. კლინიკის ამოქმედების თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს
ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში სამშენებლო
სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და
მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მთავრობის
ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის დასაწყისში უნდა
გახსნილიყო. მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მიმდინარე
წლის ზაფხულში ვენტილაციის პრობლემა დაასახელა, რაც, ამ დროისთვის
მოგვარებულია.
სამშენებლო სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.
კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური
ნაგებობებისგან შედგება და პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტს
შეადგენს.
საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს
მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები