ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში 50 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის
შემოყვანის საკითხზე მუშაობს.
რადიო
„ათინათს“ ზუგდიდის მერის მოადგილემ
მაიზერ ნანავამ განუცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე
საფინანსო ორგანიზაციასთან საუბარი უკვე დაწყებულია, თუმცა, დამატებით
დეტალებზე ის არ საუბრობს.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე იდეის დონეზე აღარ არის. ზუსტად ვერ
გეტყვით როდის, მაგრამ 2018 წლიდან ავტობუსები შემოვა ჩვენს
მუნიციპალიტეტში. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ავტობუსებისთვის
ბიუჯეტის თანხა არ დაიხარჯება.“, - აღნიშნა ნანავამ.
ამ ეტაპზე ზუგდიდის მერიის შპს ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის
ბალანსზე 22 ავტობუსი ირიცხება, აქედან 20 მუშა მდგომარეობაშია,
თუმცა, როგორც შპს-ში აცხადებენ, მათი შენახვა სიძველის გამო ზედმეტ
ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„პროექტის მომზადება დამავალეს, რომელზეც მუშაობა დავასრულე. ჩვენი
მიზანია ქალაქში ნაკლები მიკროავტობუსი მოძრაობდეს, რითაც ტრანსპორტის
ნაკადი მეტ-ნაკლებად დარეგულირდება. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ
პროექტის მიხედვით, ავტობუსების განაწილება, ქალაქის გარდა, თითქმის
ყველა სოფელში იგეგმება“, - თქვა „ზუგდიდის ტრანსპორტის“ დირექტორმა
ბადრი ნემსაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების საკითხი ზუგდიდის 2018 წლის
ბიუჯეტის პროექტში მოცემული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები