ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები მერიის
შენობასთან არიან შეკრებილები. ისინი გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ და
ამბობენ,
რომ ეს სამუშაო მათი ერთადერთი საარსებო წყაროა. მოვაჭრეების
ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი მერიის შენობაში იმყოფება და ისინი
სავარაუდოდ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ხვდებიან.
„ჯერ ვმუშაობთ, მაგრამ გვითხრეს აწი ამის უფლებას ვერ მოგცემთო.
ვითხოვთ მოგვცენ უფლება ვიშოვოთ ლუკმა-პურის ფული. ყოველ წუთს
ველოდებით, როდის მოვლენ და აგვყრიან, შიშის ქვეშ ვართ“, - ამბობენ
მოვაჭრეები.
ზუგდიდის მერის ლაშა გოგიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ქალაქში
გარევაჭრობა აიკრძალება. მისივე განმარტებით, გარემოვაჭრეებისთვის
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, დაახლოებით, სამასი ადგილია,
რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ. შეთავაზებაზე გარემოვაჭრეები უარს
ამბობენ და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები