სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან
გასროლის შედეგად დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატი როლანდ
შონია მის მიმართ სავარაუდო მუქარაზე საუბრობს. მისი მკიცებით,
პირად ტელეფონზე ფარული ნომრიდან ზარი განხორციელდა, რომელიც მალევე
შეწყდა.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე, კონკრეტულად რა
უთხრეს მას სატელეფონო საუბარში, შონია გვპასუხობს:
„რა დღეში ხარ“ - ასე მითხრეს, შემდეგ უკვე გაითიშა და მე გადარეკვის
საშუალება აღარ მქონდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ თუკი მსგავსი
ფაქტი განმეორდა და დაზუსტდა, რომ ზარი სწორედ ამ საქმეს უკავშირდება,
შესაბამისად ვიმოქმედებ“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ის ამ დროისთვის ისევ აბაშაში, რუსიების საცხოვრებელ სახლში იმყოფება,
სადაც დილიდან ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს. შონიას თქმით,
გარდაცვლილის დედის ნაამბობიდან დამატებითი დეტალები იკვეთება, რაც
იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური
შემთხვევა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, კითხვები საქმეში არსებულ რამდენიმე
გარემოებას შეეხება, მათ შორისაა გავრცელებული ფოტო-ვიდეო კადრები.
თავის მხრივ, რუსიები საკუთარ მოთხოვნებს აყალიბებენ.
აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო
პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების
შესაძლო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის
მესამე ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას
საფუძვლად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და
ვიდეო მასალა დაედო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტი.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის
ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების
ვერსიის არ სჯერა. მათი მტკიცებით, საქმეში ერთზე მეტი პირის
დანაშაული იკვეთება. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას
მოითხოვენ.
ამავე თემაზე:
მუჟავაში
გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახში გამომძიებლები იმყოფებიან
მასალის გამოყენების პირობები