„აფხაზეთის უნივერსიტეტის დიპლომის მიღება შეუძლია ნებისმიერ
აბიტურიენტს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას
მოქალაქეობა, ცხოვრობს გალის, თუ სხვა რომელიმე რაიონში“, - ამის
შესახებ „აბხაზია ინფორმს“ უმაღლესი სასწავლებლის პრორექტორმა ვიქტორ
მალანძიამ განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აფხაზეთის უნივერსიტეტმა
“გალის რაიონიდან სახელმწიფოს დაკვეთით 80 აბიტურიენტი მიიღო".
„ჩვენ ვმუშაობთ გალის ადმინისტრაციასთან და ვცდილობთ წინასწარ
შევხვდეთ აბიტურიენტებს, დავაზუსტოთ, თუ რა სპეციალობებით
ინტერესდებიან ისინი", - აღნიშნა მალანძიამ.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეობის არმქონე პირებმა აფხაზეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად უნდა წარადგინონ ადგილობრივი
ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები (ფორმა №9, ცნობა
საცხოვრებელი ადგილიდან და სხვ.).
„გალის რაიონის აბიტურიენტებისთვის ჩვენ სპეციალური პროგრამა
შევიმუშავეთ, მათი სასკოლო მომზადების და ენის ბარიერის
გათვალისწინებით. ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ, თუ როგორ მიმდინარეობს
გალელი სტუდენტების ინტეგრაცია თანატოლებთან“, - თქვა მალანძიამ.
პრორექტორის განმარტებით, უნივერსიტეტში ჯერ არ დაფიქსირებულა გალის
რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტებთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო,
პოლიტიკურ ან ეთნიკურ საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტები.
მალანძიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც გალელი სტუდენტები
წყვეტენ სწავლას ოჯახური ან სხვა პირობების გამო. ამავე ცნობით,
ზოგიერთი გალელი სტუდენტი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რაიონულ
სკოლაში, ან რაიონული ადმინისტრაციის სტრუქტურებში იწყებს
მუშაობას.
პრორექტორმა აღნიშნა, რომ ერთ თვეში აფხაზეთის
უნივერსიტეტთან ახლოს 200 ადგილზე გათვლილი, სათანადოდ
აღჭურვილი, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი მოეწყობა.
ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი აფხაზეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტში 22 თებერვალს განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები