მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად
მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის
დამაკავშირებელ
გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება სრულდება. ინფორმაციას
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტების მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრი ამჯერად სამეგრელოს რეგიონში განაგრძობს.
ზურაბ ალავიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან და
ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან ერთად, გზის სარეაბილიტაციო
სამუშაოების ტემპებს გაეცნო.
,,დონორების დახმარებით და საბიუჯეტო სახსრებით მილიონობით ლარს
ვხარჯავთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,
ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას უკვე
ვასრულებთ. ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც
ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზასთან ერთად აქ
გაკეთდება სანიაღვრეები და მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში
შესასვლელები", - აღნიშნა ალავიძემ.
პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია. ის რეგიონში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები