საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურით დაიწყო. მოქალაქეებსა და
ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სიტყვიერი
დაპირისპირება თითქმის 20 წუთი გაგრძელდა. ერთ-ერთი დევნილი ინეზა
ფარულავა, რომელიც მერიის "შინმოვლის" პროგრმაშია ჩართული, ითხოვდა
პასუხს თუ რატომ არ ჩაერიცხა მას კუთვნილი თანხა. მისი განმარტებით,
მიმდინარე წელს შემწეობა მხოლოდ ერთხელ, თებერვლის ბოლოს მიიღო.
ბენეფიციარს მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნინო სხულუხიამ
უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ თანხის ჩარიცხვის დაგვიანების მიზეზი
თვითმმართველობაში განხორციელებული რეორგანიზაციაა და ბენეფიციარებს
თანხა მარტის თვეში სრულად დაერიცხებათ.
საჯარო მოხელესა და დევნილს შორის შეკამათებისას საკრებულოს
თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ინეზა ფარულავას მიმართა და უთხრა, რომ
მას ეჭვი აქვს ის საკრებულოს სხდომაზე დებოშის მოსაწყობად მივიდა,
რასაც კვლავ მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
ამ ეტაპზე სხდომა, რომელსაც მოქალაქეები, მათ შორის, დევნილები და
მერიის სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები ესწრებიან,
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები