ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გარემოვაჭრეები საკრებულოს
თავმჯდომარესა და დეპუტატებს
დაუპირისპირდნენ. ხმაური ერთ-ერთი მოვაჭრის მარინა ფარულავას
მიმართვას მოჰყვა, სადაც მან იკითხა, რატომ აქვს გადასახდელი თვეში 30
ლარი, მაშინ, როცა მერია გასახადებისგან 6 თვით გათავისუფლებას
დაჰპირდა.
„ამ ადგილებში ძალით შეგვიყვანეს, არ გვაქვს პირობები, პურიც ვერ
მიგვაქვს სახლში და დაცვის ფული 30 ლარი გადაიხადეთო. თქვენ ჩვენი
ამბავი არ გაინტერესებთ, გაგვეცით ამაზე პასუხი“, - მიმართა ფარულავამ
მამუკა წოწერიას.
მან ადგილობრივ ხელისუფლებას მატყუარები უწოდა, რასაც ხმაური და
სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. წოწერიამ გარემოვაჭრეებს უპასუხა,
რომ ისინი არა კონკრეტული პრობლემის განსახილველად, არამედ ხმაურის
ასატეხად იყვნენ მოსულები. რაც შეეხება გადასახადს, წოწერიამ
განმარტა, რომ საკითხში გაერკვევა.
„აღნიშნული ტერიტორიის ადმინისტრაცია არ ახდევინებს მათ არაფერს, რაც
შეეხება დაცვის ფულს, ამაში გავერკვევი და მზად ვარ, თითოეულს შევხვდე
და ცალ-ცალკე ვისაუბრეთ მათ პრობლემაზე“, - თქვა წოწერიამ.
გარემოვაჭრეები კი საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისევ აქციებს
აანონსებენ.
მასალის გამოყენების პირობები