ფოთში კანის ფორმის ჯილეხით სამი ადამიანი - ორი შუახნის მამაკაცი და
ერთი ქალი დაინფიცირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ეპიდემიოლოგის
ზიზი ცაავას ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში პაციენტებს დახმარება
დროულად გაეწიათ და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ
დროისთვის, ერთი მათგანი ბინაზე მკურნალობს, დანარჩენი ორი კი
საკუთარი სურვილის შესაბამისად, ქუთაისისა და თბილისის ინფექციურ
საავადმყოფოებშია მოთავსებული.
ეპიდემიოლოგის ცნობით, ისინი მაშინ დაინფიცირდნენ, როდესაც კერძო
სახლში დაკლულ საქონელს შეეხნენ.
„ორი მათგანი ატყავებდა, ერთმა კი იყიდა ხორცი და დამუშავების დროს
დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ სამივეს კანში ჰქონდა ნაჩხვლეტი
ჭრილობა და დაინფიცირება შეხებამ გამოიწვია. რაც შეეხება მათ, ვინც ეს
ხორცი მიირთვა, შემიძლია გითხრათ, რომ თავს კარგად გრძნობენ და
არანაირი გამოვლენა არ ჰქონიათ. პაციენტების მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ცაავამ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში
რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით
ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი
ჯგუფი ადგილზე გავიდა. უწყების ინფორმაციით, აღებული პათოლოგიური
მასალის ლაბორატორიული კვლევა უკვე მიმდინარეობს.
ეპიდემიოლოგის ცნობით, ჯილეხის ერთი შემთხვევა გასულ წელს ფოთში
სიკვდილით დასრულდა, ერთი კი ეპიზოდური ფორმის იყო.
მასალის გამოყენების პირობები