ეროვნული სატყეო სააგენტო აპრილიდან ბზის კორომების დაზიანებული
ფართობების ბიოლოგიური პრეპარატებით
დამუშავებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით
დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 550 ჰა-მდე ფართობი. შეწამვლითი
სამუშაოები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში
(გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით) სამჯერ ჩატარდება.
გარდა ამისა, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები დაზიანებულ ფართობებზე
ფერომონიანი მწერსაჭერებსაც გამოიყენებენ. ამასთან, დაგეგმილია
დაზიანებული კორომების აღდგენა.
„კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ეროვნული სატყეო
სააგენტო საკონსერვაციო ღონისძიებებსაც ახორციელებს, შექმნილია თესლის
ბანკი, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარეობს კოლხური ბზის სანერგე
მეურნეობის მოწყობა”,- აცხადებენ სააგენტოში.
უწყების ცნობით, 2016 წელს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბზის კორომების
შეწამვლითი სამუშაოები ბიოლოგიური პრეპარატით საქართველოს სამ
რეგიონში ჩატარდა და ზოგიერთ მონაკვეთში დაფიქსირდა მავნებლის
გარკვეული რაოდენობით შემცირება.
დასავლეთ საქართველოში ბზის ალურა და სოკოვანი დაავადებები რამდენიმე
წლის წინ გავრცელდა. სპეციალისტების ინფორმაციით, კოლხური ბზის დიდი
ნაწილი უკვე განადგურებულია.
მასალის გამოყენების პირობები