14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში სხვადასხვა
ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მერიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ხვალ 12:00 საათზე იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს
გვირგვინით შეამკობენ.
13:00-15:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის
განვითარების ცენტრში ქართული ანბანის სამივე სახეობის კუთხეს
წარმოადგენენ.
ღონისძიებაზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ
ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით გადაწერონ იაკობ
გოგებაშვილის დედაენის ეპიზოდები ასომთავრული, ნუსხური და მხედრული
ანბანის გამოყენებით. ამასთან, მოეწყობა ანბანის თემატიკაზე შექმნილი
ნამუშევრების გამოფენა. მუსიკალურ ნომრებს კი მოსწავლე ახალგაზრდობის
განვითარების ცენტრის აღსაზრდელები შეასრულებენ.
მერიის ცნობით, იგეგმება ქაღალდის დამზადების წესის ჩვენება და
ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი თემატური კუთხეებს
წარადგენენ.
რაც შეეხება ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს, მათი ორგანიზებით მოეწყობა
დედაენის სხვადასხვა (იშვიათი და მინიატურული) გამოცემის გამოფენა.
კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეები მოსწავლეებს ადგილზე აჩვენებენ
თითოეული ასოს წერის პროცესს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება
ზუგდიდის ტექნოპარკში დამზადებული ქართული ანბანი.
მასალის გამოყენების პირობები