ზუგდიდში "თიბისი ფეი"-ს ინკასატორი დააყაჩაღეს. ინფორმაცია
რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა
სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე
გამოძიება სს კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ში
დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
რადიო "ათინათის" წყაროს ინფორმაციით, მას
შემდეგ რაც "თიბისი ფეი"-ს სწრაფი გადახდის ინკასატორმა აპარატიდან,
რომელიც "სმარტში" დგას, თანხა გამოიტანა, ავტომობილში ჩაჯდა. სწორედ
მაშინ ჩაუჯდა მას მანქანაში კაპიუშონში, დუტის ქურთუკსა და კეპში
გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც ხელში პარკი ეჭირა. ამის შემდეგ
კი მანქანა დაიძრა.
რადიო "ათინათს" ყულიშკარის ერთ-ერთ უბანში
მცხოვრებმა დემურ ქვარაიამ უთხრა, რომ დღის 5 საათისთვის მასთან
მანქანით 40 წლამდე მამაკაცი მივიდა და დახმარება სთხოვა.
"მოვიდა, მითხრა, დამაყაჩაღეს, თავში ჩამარტყესო. შეშინებული იყო,
მანქანას და თვითონაც საწვავი ჰქონდა გადასხმული. მერე პოლიცია
გამოვიძახეთ", - თქვა ქვარაიამ.
ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ინფორმაცია პირველად
მედიასაშუალება "თაიმერმა" გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები