არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ემა
კვირტია გაათავისუფლეს. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ ბრალდებული
ცოლ-ქმრის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა უთხრა. მისი ინფორმაციით,
პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მცირეწლოვანი შვილი
ჰყავს.
„პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და გაითვალისწინა, რომ ემას
ბავშვი ჰყავს. ის მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან
გათავისუფლდა და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან. ის უკვე
საკუთარ სახლშია“, - აღნიშნა ყურაშვილმა.
რაც შეეხება ბრალდებულებისთვის აღმკვეთ ღონისძიებას, სასამართლო
ამაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი ორი დღის წინ საკუთარი
სახლიდან აიყვანეს. სავარაუდოდ, გატაცებული ბავშვის დედის თქმით,
ბავშვმა და მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო
წაიყვანა და მის დაბრუნებას მანამ არ აპირებდა, სანამ ოჯახი ვალს არ
დააბრუნებდა.
თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატის
ინფორმაციით, ბავშვი სახლიდან ემა კვირტიამ მოსაწესრიგებლად წაიყვანა
და არა ვალის დაბრუნების მიზნით.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად სს კოდექსის 144-ე მუხლის
მეორე ნაწილი, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება
ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ბავშვის
მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი
წარუდგინეს
მასალის გამოყენების პირობები