სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ცილისმწამებლური
განცხადებების გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს
რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ანა
წითლიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას
გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებაში წითლიძისა და
ზოდელავას მიერ გუბერნატორის „პატივის, ღირსების და საქმიანი
რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებას.
„აღნიშნული ატარებს პერმანენტულ ხასიათს და მიმართულია გუბერნატორის
საქმიანი იმიჯის შესალახად. მურთაზ ზოდელავა და ანა წითლიძე ცდილობენ
საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ
კამპანიას. მათ მიერ გავრცელებული ცნობები რეალობას არ შეესაბამება და
არ მყარდება ფაქტებით“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ლევან შონია სასამართლში შეტანილ განცხადებაში ოპოზიციური პარტიის ამ
წარმომადგენლებისგან ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი
ცნობების უარყოფას ითხოვს.
გუბერნატორის ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მასალებში
მოცემულია ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავას მიერ სხვადასხვა
მედიასაშუალებაში გაკეთებული კომენტარები, ბრიფინგები და
ინტერვიუები.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის
ანა წითლიძის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციულმა
დეპარტამენტმა ზუგდიდში კორპუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის
არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, საუბარია
კონკრეტულ საქმეებზე, რომელზეც განცხადება ოპოზიციურმა ფრაქციამ
თვეების წინ შეიტანა და რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები, კონკრეტულად კი გუბერნატორი, ზუგდიდის მერი და ვიცე
მერი ფიგურირებენ.აღნიშნულს კატეგორიულად უარჰოფენ სამხარეო
ადმინისტრაციაში და ოპოზიციურ პარტიას წილისწამებაში
ადანაშაულებენ.
ამავე თემაზე:
გუბერნია:
წითლიძის მიერ დასახელებული არცერთი პირი დასაკითხად არავის
დაუბარებია
მასალის გამოყენების პირობები