ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ჰუვერის კაშხალსა
და ენგურჰესს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი შტატების
მელიორაციის სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელმა და შ.პ.ს. "ენგურის
ტურისტული ცენტრის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე
ყაზარაშვილმა მოაწერეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტო ავრცელებს. დოკუმენტი ჰუვერის კაშხალის ცენტრალურ
ადმინისტრაციასა და ენგურჰესის ტურისტული საიტის მმართველ უწყებას
შორის პარტნიორობის სამომავლო გეგმებს განსაზღვრავს.
ქართული დელეგაცია შეერთებულ შტატებში ამერიკელი პარტნიორების
გაცნობის მიზნით 12 ივნისიდან იმყოფება. სამუშაო ჯგუფის წევრებმა,
რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ხელმძღვანელობს, ჰუვერის
ადმინისტრაციასთან უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრები. ქართული მხარე
ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი
ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო.
ენგურჰესის ტურისტული ზონის ახლადშემუშავებულ საპროექტო დოკუმენტაციას
გაეცნო ამერიკული მხარეც, რომელიც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა
აქტიურ ინტერესს იჩენს. ესტონური კომპანია "კოკო არქიტექსის"
სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის განხორციელების საწყის
ეტაპს კი ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციის წევრები საქართველოში
ადგილზევე გაეცნობიან. მათი ვიზიტი ენგურის თაღოვან კაშხალზე
მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.
ამავე თემაზე:
ენგურჰესი და
აშშ-ს ჰუვერის კაშხალი ითანამშრომლებენ
მასალის გამოყენების პირობები