2018 წლის 20 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი
გაიმართა, რომლის ფარგლებშიც
განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის
საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008
წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების
აუცილებლობა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის
ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა გიგა
ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენელთა მხრიდან. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა
აშშ-დან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს აღნიშნულ საქმეებზე
დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას. წამოჭრილ საკითხებზე რუსეთისა და
საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ვერ გასცეს არგუმენტირებული
პასუხები.
მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასევე რუსეთის
ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით
დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე.
„საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის
არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების
აუცილებლობას. ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია ჩვეული ცინიზმით შეეცადა
წარმოეჩინა, თითქოს მას უკვე შესრულებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმება“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე და ვრცლად
იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების,
ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე
ვითარება. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში
მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების
ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„აღინიშნა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი
გადაადგილების შეზღუდვისა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომების
მიღების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის კიდევ უფრო
დამძიმება. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების
მიუღებლობას. ამ კონტექსტში იქნა განხილული სასულიერო პირთა
თავისუფლების თვითნებურად აღკვეთა და სასოფლო-სამეურნეო მიწის
ნაკვეთებზე ადგილობრივ მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა“, - ნათქვამია
განცხადებაში.
საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს
აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად
დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის,
საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან
ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ
უმთავრეს საკითხზე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა
უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების
აუცილებლობაზე.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის ივნისში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები