IPRM-ის შეხვედრების აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა, ე.წ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ
არლანმა
მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ გალში მიმდინარე შეხვედრა დატოვა,
„ეხო კავკაზასთან“ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხთან დაკავშირებით,
ისინი ქართულ მხარეს აფრთხილებდნენ, რომ მსგავს დოკუმენტს ნეგატიური
შედეგი მოყვებოდა, მათ შორის, მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, როგორც
არლანი აღნიშნავს, „ჩვენი მოსაზრებები არ გაითვალისწინეს“.
„აფხაზურმა მხარემ დააფიქსირა მტკიცე პოზიცია. ჩვენ გვქონდა მზაობა
ჩატარებულიყო ნორმალური სამუშაო შეხვედრა იმ შემთხვევაში, თუ ქართული
მხარე მოხსნიდა დღის წესრიგიდან ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ეს
საკითხი უკვე ორი წელია დგას დღის წესრიგში და ჩვენ მაქსიმალურად
ვიმუშავეთ მასზე, განვმარტეთ ჩვენი პოზიცია და ფაქტობრივად, მოვხსენით
განხილვიდან. ჩვენთვის ეს თემა დახურულია მთელი რიგი მიზეზების გამო,
რაზეც მოლაპარაკებებში მონაწილეებმა იცოდნენ. ამის მიუხედავად,
ქართული მხარე ყოველ ჯერზე აყენებს საკითხს და აცხადებს, რომ საკითხი
დადგება ყველგან. ჩვენთვის მიუღებელია ეს პოზიცია, რადგან ხდება ისეთი
საკითხის პოლიტიზირება, რომელიც არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ
სისხლის სამართლის საქმესთან. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, ქართულმა
მხარემ გაახმოვანა, რომ არ სურს ამ საკითხის მოხსნა და შედეგად
იძულებულები გავხდით, დაგვეტოვებინა მოლაპარაკებები“ - თქვა
არლანმა.
მედიასაშუალებასთასთან არლანმა კომენტარი გააკეთა ოთხოზორიას
მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის სტატუსზეც, რომელიც აფხაზეთს
გადაეცა.
„ქართულმა მხარემ ნამდვილად გადმოგვცა საქმესთან დაკავშირებული
მასალები, მაგრამ მოგვცეს ორიგინალის ასლები, რომელიც არ იყო
გაფორმებული შესაბამისი წესით. ამ დოკუმენტებში მოწმეების ჩვენებებთან
დაკავშირებული პროცედურული ხარვეზებია და ვიდეო მასალა, რომელზეც
ხშირად აპელირებს ქართული მხარე, აბსოლუტურად უხარისხოა.ეს მასალები
ვერანაირად ვერ იქნებოდა გამოყენებული სასამართლო საქმეწარმოებისთვის.
ჩვენ შევთავაზეთ ქართულ მხარეს ან მოეწესრიგებინათ მასალები ან
დაეხურათ საქმე“, - განმარტა მან.
არლანი მიიჩნევს, რომ გალის შეხვედრების განახლება აქტუალური არაა,
რადგან მისი შეფასებით, ქართული მხარე არაა მზად კომპრომისებისთვის,
თუმცა დასძენს, რომ ისინი გააგრძელებენ კონტაქტებს გაეროს
წარმომადგენლებთან და მზად არიან მოუსმინონ ქართულ მხარეს, თუ მათ,
არლანის თქმით, გაუჩნდებათ ახალი იდეები.
გალის შეხვედრა გუშინ აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა მას შემდეგ
დატოვეს, რაც მათ დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის
საკითხის ამოღება მოითხოვეს, რაზეც ქართულმა მხარემ უარი
განაცხადა.
ამავე თემაზე:
გალის შეხვედრა აფხაზურმა და
რუსულმა მხარეებმა ჩაშალეს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები