ხაიშში ადგილობრივებსა და ხელისუფლების წარმომადგენლების
მოლაპარაკებები ამ ეტაპზე
დასრულებულია. შედეგად, როგორც რადიო
„ათინათს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ
ზურაბ ნიჟარაძემ უთხრა, ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი ტერიტორიას
ტოვებენ. ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
დაგვიდასტურეს.
ასევე გაიხსნა საავტომობილო გზა. მან ასევე თქვა, რომ ერთი კვირის
შემდეგ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ.
„ჩვენთან ჩამოვლენ საამინისტროებისა და სხვადასხვა სტრუქტურის
წარმომადგენლები, რომელთაც ჩვენი სოფლის განვითარების ჩვენეულ ხედვებს
გავაცნობთ. ამ ეტაპზე სიტყვიერი შეთანმხება ასეთია. ჩვენ არ ვიშლებით,
თუმცა, მანქანებს გავატარებთ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „პირველთან“ გადაცემა
„რეაქციაში“ კომენტარი გააკეთა რეგიონული მართვის მიმართულების
ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა. მან დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების
შედეგად, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ტერიტორიას
დატოვებენ და გზა გაიხსენა. მან ასევე დასძინა, რომ ერთ კვირაში
სვანებთან სამთავრობო დელეგაცია ჩავა.
„მათი მოქმედება გადის კანონის ზღვარზე, მაგრამ მე, როგოც
ადგილობრივმა, კარგად ვიცი მათი მდგომარეობა, რომ ეს ხე-ტყე არის მათი
ძირითადი შემოსავალი. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზა, რომ მათ ჰქონდეთ
ალტერნატიული შემოსავალი, მუშაობდეს ლეგალურად და არ იყოს უკანონო
ჭრა. მათთან ერთად ვიფიქრებთ განვითარების გზებზე. სახელმწიფოს აქვს
უფლება ლეგიტიმური ქმედებები ჩაატაროს, მაგრამ გვიხდება
გავითვალისწინოთ გარემოებები, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და
ხალხს უჭირს. მათი შემოსავალი დგას საფრთხის წინაშე. ყველა მოქმედება
უნდა იყოს კანონის ფარგლებში და კანონი ყველასთვის უნდა იყოს
ერთიანი“, - თქვა სუბარმა.
მოლაპარაკებებს სსამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მესტიის
მუნიციპალიტეტის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი, სოზარ სუბარი, ხაიშისა და
ჭუბერის მაცხოვრებლები დაესწრნენ.
ხაიშში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ფინანსური პოლიციის
წარმომადგენლები და სპეცრაზმი შევიდა. ხაიშელებმა და ჭუბერელებმა
სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ითხოვდნენ, რომ
ტერიტორია დაეტოვებინათ. ისინი ამბობდნენ, რომ ადგილობრივები უკანონოს
არაფერს სჩადიან და ხე-ტყის მოპოვება მათი ერთადერთი შემოსავალია.
სვანები მთავრობას განვითარების სხვა გზების მოძიებას სთხოვენ.
ფინანსთაა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ამბობდნენ, რომ
საქმე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს ეხებოდა. საგამოძიებო
უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივებმა ხელჯოხებითა და
ქვებით მათი ავტომობილი დააზიანეს, სპეცრაზმი კი მათი უსაფრთხოებისა
და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად იყო მობილიზებული.
ამავე თემაზე:
ხაიშის
მცხოვრები: ჩვენს ტერიტორიებზე მაკონტროლებელ ორგანოებს არ
შევუშვებთ
მასალის გამოყენების პირობები