26 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს
გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა,
აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს
შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც აფხაზეთში
საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას მიერ
უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე
ცეცხლი გაუხსნა.
ამავე დღეს არძინბამ ადგილობრივი ტელევიზიით აფხაზეთის ხალხს სამამულო
ომის დაწყება აუწყა.
აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა
13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის
დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში კი აფხაზური
ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ
კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული
კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა
ქვედანაყოფები.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე, უმეტესად
ქართული ეროვნების ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად,
ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10
ათასამდე ადამიანი შეეწირა.
აფხაზურმა შენაერთებმა საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული
საზღვარი მდინარე ენგურზე 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. სწორედ
ამიტომ აფხაზური ხელისუფლება ქართულ მხარესთან საომარ მოქმედებებში
გამარჯვებას ოფიციალურად 30 სექტემბერს აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები