გუდაუთაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ მუზეუმი, რომელიც „აფხაზეთის გმირის“ სერგეი დბარის სახელს ატარებს, წერს „აფსნიპრესი“.
ცერემონიას დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მუზეუმის დირექტორის ბატალ გუმბას თქმით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ მუზეუმში 8 საექსპოზიციო დარბაზის მომზადება იგეგმება, რომელიც დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნება. გარდა ამისა, მისი თქმით, აქ „აფხაზეთის მე - 20 საუკუნის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ამსახველი კუთხე მოეწყობა.
გახსნის ცერემონიაზე შეკრებილებს დაღუპული მეომრის დედამ ტერა ახბამ მიმართა. მან აღნიშნა, რომ მუზეუმი თანამედროვე ისტორიის ამსახველი და ახალგაზრდების აღზრდის მნიშვნელოვანი ელემენტია. „ჩვენ ბევრი განათლებული ახალგაზრდა გვყავს. თქვენ მიერ მიღებული განათლება უნდა ეფუძნებოდეს გონიერებას, მოთმინებას და უნარს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები