დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია, რომელიც „დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკაში“ მიემგზავრებოდა, მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შეუშვა.
ამის შესახებ დელეგაციის წევრებმა გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა რუსლან ლადარიამ და „დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აფხაზეთში“, გარი კუპალბამ „სპუტნიკს“ განუცხადეს. მათი ცნობით, ისინი ქალაქ დუბოსარის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდნენ, თუმცა კიშინიოვის აეროპორტიდან გასვლა ვერ შეძლეს.
„დუბოსარი და გუდაუთა დაძმობილებული ქალაქები არიან. აეროპორტში, მიზეზის განმარტების გარეშე, მოლდოვაში შესვლაზე უარი გვითხრეს. მიზეზი არ აგვიხსნეს, არ შეგვიშვეს და მორჩა - კომენტარს არ აკეთებენ. პირადად ჩემთვის გაუგებარია, რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი. როგორც ჩანს არ უნდოდათ, რომ დნესტრისპირეთში შევსულიყავით“, - თქვა რუსლან ლადარიამ.
მათივე ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა და მომხდარი მოლდოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციად შეაფასა.
გასულ წელს მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში რუსეთის ოფიციალური პირები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები არ შეუშვა.
მასალის გამოყენების პირობები