ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურის ხიდიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია. გალელების ინფორმაციით, მიკროავტობუსების ნაწილი არ მუშაობს,
შესაბამისად, ენგურის ხიდზე მიმოსვლა ტრანსპორტის გამო შეზღუდულია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის თქმით, ზემოაღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, ზუგდიდის ბაზრის ერთი დღით დაკეტვას უკავშირდებოდეს.
„გაეროს მიერ დანიშნული ავტობუსები მოძრაობენ, რაც შეეხება კერძო მიკროავტობუსებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ამ ავტობუსებს ხალხი ძირითადად ბაზარში მოჰყავს, ამიტომაც, შესაძლოა, დღეს არ მუშაობდნენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჩიკვაიძემ.
ზუგდიდის ბაზარი დღეს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, სანიტარულის სამუშაოების გამო დაიხურა.
მასალის გამოყენების პირობები