ახალი ამბები
„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“ - ილიას მოგზაურობა სამეგრელოში
საქართველო სამეგრელოში ილიას 1885 წლის გაზაფხულზე უნახავს და დაუტოვებია ფრაზა, რომელსაც სამეგრელოს ყველა იმ სოფელში შემოგაგებებენ, სადაც კი ამ მოგზაურობისას ფეხი დაუდგამს.  ზუსტად სად თქვა ილია ჭავჭავაძემ, სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახეო, დანამდვილებით არავინ იცის. ილიას სამეგრელოში ყოფნაზე ცნობები მწირია, არც ფოტო შემორჩენილა სადმე, თუმცა რამდენიმე ადგილი და ნივთი ჯერ კიდევ ინახავს ამ მოგზაურობის ისტორიას.

ცაიშში, მეუნარგიების კარ-მიდამოს შუაგულში საუკუნოვანი მაგნოლია დგას. სწორედ მის ჩრდილქვეშ დაუსვენია იონა მეუნარგიას ოჯახში მისულ ილია ჭავჭავაძეს და თანამოაზრესთან და მეგობართან ერთად საქვეყნო საქმეებზეც უსაუბრია. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ეზოში შესულ ნებისმიერ სტუმარს  პირველად სწორედ ამ ხისა და ილიას ამბავს უყვებიან.

იონა მეუნარგიას სამუშაო ოთახში, სადაც ბერტა და არტურ ზუტნერებთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულად ითარგმნებოდა, კიდევ ერთი ნივთია, რომელსაც მუზეუმის თანამშრომლები  განსაკუთრებულად გაცნობენ - ხის სარწეველა სავარძელი, რომელიც გადმოცემით, ილიას ძალიან მოსწონებია.
alt
მეუნარგიებთან სუფრაც გაშლილა. „აი, აქ იშლებოდა ხოლმე სუფრა ამ ეზოში, მაშინაც, ილიას პატივსაცემადაც აქ მოუწყვიათ მაგიდა“, - ეზოში შემაღლებულ ადგილს გვიჩვენებს მუზეუმის სპეციალისტი ნათია მგალობლიშვილი.

„1884-ს იყო თუ 85-ს, როცა ილია წამოვიდა სამეგრელოს, მთავრის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად, ილია ისე გამხიარულდა, რომ ბანძას მექი ფაღავასას და ჩემთან ცაიშში სულ «ფარინა, ფარინა» იმღერა და ფერხულით გული შეიჯერა“, - ჩაუწერია იონა მეუნარგიას უბის წიგნაკში.

იონა მეუნარგიას ჩანაწერებში, თვითონ ილიას პირად არქივში, სხვა არქივებსა და დოკუმენტებში ეძება უცნობი ფაქტები და ცნობები მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ და ილიას სამეგრელოში მოგზაურობაზე ყველაფერს თავი მხატვრულ დოკუმენტურ წიგნში მოუყარა - „ილია სამეგრელოში“. ამ მოგზაურობის ისტორიის მოყოლა კი სწორედ ილიას სამეგრელოზე ნათქვამმა ფრაზამ გადააწყვეტინა.

alt
სამეგრელოში ილიას ჩამოსვლის მიზეზი წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნიკო დადიანის მიერ ნაჩუქარი უნიკალური ბიბლიოთეკის მიღება ყოფილა. თუმცა წიგნის ავტორის აზრით, ამ მიზეზის უკან, სხვა მიზანიც იდგა, ისევე, როგორც ილიას ფრაზა არ ყოფილა მხოლოდ მეგრელთა მასპინძლობის საქებრად ნათქვამი, -  „ჩემს ბავშვობაში ხშირად მინახავს და ბევრ ადგილას წამიკითხავს ილია ჭავჭავაძის ცნობილი ციტატა „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“ ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდებოდა ეს წარწერა. სულ მინდოდა გამეგო, რა გარემოებაში და როდის თქვა ეს სიტყვები ილიამ. რუსეთის იმპერიამ მას შემდეგ, რაც დაიპყრო საქართველო და ქვეყანა ცალკეულ გუბერნიებად დაყო, ცდილობდა სამეგრელო, აფხაზეთი და  სვანეთი სამუდამოდ ჩამოშორებოდა საქართველოს, თითქოს ეს კუთხეები ამ ქვეყნის ნაწილი არც ყოფილა. მიდიოდა საქართველოს გარუსების პოლიტიკა. ილია ჭავჭავაძის სამეგრელოში ჩამოსვლის უმთავრესი მიზეზი და მიზანიც იყო სწორედ ის, რომ ეჩვენებინა, საქართველოს ნაწილი იყო სამეგრელო და თავისი ავტორიტეტული სიტყვით დაემტკიცებინა ეს ერთხელ და სამუდამოდ. ეს მოგზაურობა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ერთი საჯარო გამოსვლით, სამეგრელო წაართვა რუსეთს და დარჩა იმის მაგალითად, როგორ შეიძლება იბრძოლოს რუსეთმა და როგორ შეიძლება  ის დამარცხდეს. თუ ჩვენ ვიქნებით ამ ფრაზის ერთგულები, რუსეთს არაფერი გამოუვა“, - ამბობს ზვიად კავარცხელია.

„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა... მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც“ - ასეთია ილიას სამეგრელოში წარმოთქმული  დღემდე შემონახული ერთადერთი ვერსია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.