"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივით, "ფერმერთა დღე" დადიანების სასახლის ეზოში დღეს, 18 ნოემბერს ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც
ყოველწლიურად ფერმერის დღე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. დასავლეთიდან სტარტის აღება კი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი ფერმერების დაახლოებით 60% დასავლეთ საქართველოდან არის წარმოდგენილი.
დღესვე გაიმართება პროდუქციის გამოფენა, გაყიდვა, დეგუსტაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაცია და ასევე მოეწყობა ფერმერების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას დაესწრება 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილი ფერმერები მთელი საქართველოდან.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება 15:00 საათზე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება. 17:00 საათზე კი ღონისძიება ოფიციალური ნაწილით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაციით გაგრძელდება, რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე წარადგენს.
პრეზენტაციის შემდეგ დაჯილდოვდება 23 წარმატებული ფერმერული მეურნეობა. დღის ბოლოს ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.
ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები