სასულიერი გიმნაზია ზუგდიდის ბიუჯეტიდან 30 000 ლარით დაფინანსებას ითხოვს
ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას ითხოვს. საუბარია ბიუჯეტიდან 30 000 ლარის გამოყოფაზე. აღნიშნული თხოვნით
გიმნაზიამ საკრებულოს მიმართა. დღეს საკითხი განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარის ეკატერინე კიფაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბიუჯეტს გიმნაზიისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევის შესაძლებლობა არ აქვს.
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღარ არსებობს მუხლი, რომელიც გიმნაზიის დაფინანსებას ითვალისწინებს. ბოლოს ქალაქ ზუგდიდის მერიამ გამოიჩინა კეთილი ნება, თუმცა ახლა ამის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - უთხრა კიფაიამ რადიო „ათინათს“.
ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2011-2015 წლებში აფინანსებდა.
მასალის გამოყენების პირობები