ზუგდიდში, ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე საცურაო აუზის პროექტირებაზე შპს „კარკასმა“ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ კომპანიის ინჟინერმა იოსებ თავაძემ
უთხრა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აუზის პროექტირებაზე კი ფონდი 246 ათას ლარამდე დახარჯავს.
„კარკასთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაიდო. დოკუმენტის მიხედვით, პროექტირება ხუთ ეტაპს მოიცავს და ის, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე უნდა იყოს მზად, თუმცა დავაძემ გვითხრა, რომ ეს ზუგდიდის მერიასა და შემსყიდველზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ჩავეტევით იმ ვადებში, რომელიც ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული, თუმცა გააჩნია, რა ვადებში გამოგვიგზავნიან ყველა ეტაპზე შენიშვნებს, რეკომენდაციებსა და კომენტარებს“, - აღნიშნა დავაძემ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საცურაო აუზის შენობაში უნდა განთავსდეს დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები და საჭყუმპალაო.
„საცურაო აუზი დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რეკომენდირებული სიგრძე უნდა იყოს 50 მეტრი, სიგანე 25 მეტრი (გარე ზომა 56/30), სიღრმე საშუალოდ 2 მეტრი. საჭყუმპალაოც უნდა დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეკომენდირებული ზომებია 10 მეტრი 16 მეტრზე (გარე ზომა 14/20), (სიმაღლე საშუალოდ 0.6-0.8მ), ტრიბუნები 500 სკამით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს, ზუგდიდში გააკეთა. მისივე თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა მსგავს პროექტს განახორციელებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში აუზი შესაძლოა შპს "კარკასმა დააპროექტოს
ბახტაძე: ზუგდიდში საცურაო აუზს ავაშენებთ
მასალის გამოყენების პირობები