მთავარ პროკურატურაში, 25 დეკემბერს ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას გამოკითხავენ. უწყების ცნობით, გამოკითხვა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილ დირექტორსა და ამავე
სკოლის პერსონალზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებას შეეხება.
„შენგელიას, პროკურატურაში შემოტანილი განცხადების საფუძველზე გენერალური პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს. ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას გუშინ, 19 დეკემბერს მომართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
რაც შეეხება ბაჩანა შენგელიას, როგორც მან რადიო
"ათინათს" უთხრა, პროკურატურას უკვე მიაწოდა გარკვეული დოკუმენტები, ხოლო დამატებით მტკიცებულებებს ის უწყებას სამშაბათს გადასცემს.
„დაბარებული ვარ გამოკითხვაზე სამშაბათს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამის იმედი მაქვს. უკვე მივაწოდე დოკუმენტები და დამატებით მტკიცებულებასაც გადავცემ, თუ როგორ ზეწოლას განიცდიდა და დამამცირებელ გარემოში უწევდა მუშაობა“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.
ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას დირექტორზე ზეწოლად აფასებს.
მასალის გამოყენების პირობები