ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში უფროსმა და მოადგილემ თანამდებობები გაცვალეს
ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში საკადრო ცვლილებებია. ცენტრის დირექტორი დავით კვაშილავა ახლა მოადგილის პოსტს
იკავებს, მისი ყოფილი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი კი დირექტორი გახდა. როგორც კვაშილავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ეს მისი სურვილი იყო.
„პირადი განცხადების საფუძველზე წავედი დირექტორის თანამდებობიდან, ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს. ახლა ცენტრის დირექტორი გოჩა ჩიქოვანია, ის ადრე ჩემი მოადგილე იყო, ხოლო მისი ადგილი მე დავიკავე. წლებია, ერთად ვმუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად საქმის კეთებას. ბევრი გეგმა მაქვს, რომელსაც დირექტორობის პერიოდში ვერ ვახორციელებდი, თუმცა ახლა მექნება ამის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კვაშილავამ.
მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ააიპ-ის დირექტორს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ხოლო კვაშილავას თხოვნის საფუძველზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ ის ხელმძღვანელ პოზიციაზე არ დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები