ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, რომელიც შობას უნდა გახსნილიყო, ამ დრომდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ეკლესიის
წინამძღოლმა მამა მალხაზ ჭანტურიამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, იატაკის გამოსაცვლელად შესაბამისი ქვის ჩამოტანა დროულად ვერ მოხერხდა, რის გამოც ტაძრის გახსნა დაგვიანდა. მისივე ინფორმაციით, სამუშაოებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთ თვეზე მეტი დასჭირდება.
„იატაკისთვის ქვა, პირველი ჩამოტანა ჩამოიტანეს, თუმცა არ იყო ხარისხი შესაბამისობაში და უკან დავაბრუნეთ. ახალ ველოდებით, ისევ ხელახლა უნდა გამოგზავნონ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია. როგორც კი დაიგება იატაკი, ტაძარი გაიხსნება, გარდა ამისა, თბოიზოლაცია იყო დასამონტაჟებელი, რაც უკვე გაკეთებულია“, - ამბობს მამა მალხაზი.
ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში წირვა-ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე:
ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში წირვა-ლოცვა შობამდე არ ჩატარდება
მასალის გამოყენების პირობები