ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში გუშინ ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, "სუბარუს"
მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა არხში ჩავარდა.
დაშავებულები ფოთის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ სამივე პაციენტს ტრამვული დაზიანებები აღენიშნებოდათ. მისივე თქმით, ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
"78 ქალსა და 58 წლის მამაკაცს, რომელთაც ჰქონდათ პოლიტრამვები, გაეწიათ პირველადი დახმარება და გადაყვანილები არიან ქუთაისის კლინიკებში. 83 წლის მამაკაცი კი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება, მისი მდგომარეობა მძიმე, არასტაბილურია", - აღნიშნა მიგინეიშვილმა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები