ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი
მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისი თქმით, პაციენტს ორივე ფილტვის ტოტალური პნევმონია აღენიშნება.
„გუშინ შემოიყვანეს შუა ხნის ქალი, მისი მდგომარეობა არის მძიმე და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პაციენტი შემოყვანილია დაავადების ერთკვირიანი ანამნეზით. ერთი კვირაა, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მოგვმართა გვიან“, - ამბობს ორჟონია.
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი ბავშვია. ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი - გარდაიცვალა. პრეპარატ „ტამიფლუთი“ ანტივირუსული მკურნალობა კი სულ 450 პირმა ჩაიტარა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
მასალის გამოყენების პირობები