ევროკომისია: ანაკლიის პორტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში პრიორიტეტული პროექტია
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს, გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს, თავმჯდომარის მოადგილეს საერთაშორისო მიმართულებით თედო ჯაფარიძეს და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს შეხვდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ "ანაკლიის პორტიდან" აცნობეს.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე ჰენრიკ ჰოლოლეიმ ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროექტისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა რომ „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ერთ–ერთი პრიორიტეტული პროექტია".
„ საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. სადღეისოდ საქართველოს პორტებს არ შეუძლიათ გემების 75%–ის მიღება იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლია არამარტო პორტი იქნება, არამედ ეს იქნება სავაჭრო-ლოგისტიკური ცენტრი, ეს იქნება ეკოსისტემა. ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი და მონდომებული ვართ, რომ ამ პროექტმა საბოლოო სახე მიიღოს. ეს არის ერთ–ერთი იმ პროექტებს შორის, რომელიც არის ევროკავშირ–საქართველოს შორის პრიორიტეტული და რა თქმა უნდა ჩვენ მოხარული ვიქნებით, ვნახოთ, რომ ეს პროექტი მიიწევს წინ,"- აღნიშნა ჰოლოლეიმ.
მასალის გამოყენების პირობები