სოხუმში ე.წ. ღორის გრიპის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
სოხუმში H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევების შესახებ რესპუბლკური საავადმყოფოს მთავარმა თერაპევტმა ანჟელა არჩელიამ გამოცემა „აიაირას“ განუცხადა. „ღორის გრიპის არ უნდა
შეგვეშინდეს. ეს დაავადება მხოლოდ თვითმკურნალობის შემთხვევაშია საშიში. ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება და შესაძლებლობა დაავადების სამკურნალოდ. ჩვენს განყოფილებაში სამი პაციენტია, რომელსაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა H1N1. ისინი მძიმე პნევმონიით შემოიყვანეს. ახლა უკვე გამოჯანმრთელებისკენ მიდიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ანჟელა არჩელიამ.
ამავე ცნობით, საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მომართვიანობა გაიზარდა. ბავშვებს დაავადების მძიმე ფორმები არ აღენიშნებათ.
„ძირითადად, ბავშვები მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით შემოჰყავთ - მაღალი ტემპერატურა, ხველება, სურდო, საერთო სისუსტე. ეს დაავადებები ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ბუნებრივია, მთელი ოჯახი ინფიცირდება“, - აღნიშნა ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა იგორ ჯოპუამ.
მასალის გამოყენების პირობები