საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ზაზა ანდრიაძის პრეტენზიებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის სამაშველო სამსახურში
კადრების ცვლილებამ მუშაობის ხარისხის ვარდნა გამოიწვია.
უწყების პრესსამსახურში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ ყოფილმა უფროსმა თამაზ უბილავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ის სამსახურში სხვა თანამდებობაზე დატოვეს.
„ბატონ თამაზს აქვს უდიდელი გამოცდილება და ავტორიტეტი ჩვენს სტრუქტურაში, არის პროფესიონალი და დაფასებული კადრი, ამიტომაც ის დარჩა სისტემაში, მისი თანამდებობა კი ისევ შიდა რესურის კადრმა, ამავე სამსახურის ფოთის განყოფილების უფროსმა გოჩა მურღულიამ დაიკავა“, - გვითხრეს საგანგებოში.
რაც შეეხება იმას, რომ ზუგდიდიდან სახანძრო მანქანები სხვა მუნიციპალიტეტებს გადაეცა, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მათ აქვთ ერთიანი ავტოპარკი და ერთიან სისტემაში ტრანსპორტის როტაციული გადაადგილებები ხდება.
„გაუგებარია, ქვეტექსტები ვეძებოთ ამ ფაქტში. იმდენად ცოცხალი ორგანიზმია, რომ ზუგდიდის მანქანა შეიძლება აღმოჩნდეს ბორჯომში და პირიქით. ეს ხდება მაღალი რისკის დროს, კონკრეტული დავალებების შესრულებისას და მსგავს შემთხვევებში“, - გვითხრეს უწყებაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაზა ანდრიაძემ განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურის საკადრო ცვლილებებმა მუშაობის არაეფექტურობა გამოიწვია. მან ანგარიშის წარდგენისას ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართა და საკითხით დაინტერესება სთხოვა.
ანდრიაძემ ასევე თქვა, რომ მანქანები ზუგდიდიდან წაიყვანეს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გადასცეს.
ამავე თემაზე:
საკრებულოს წევრი ზუგდიდის სამაშველო სამსახურის ხარვეზებზე საუბრობს
მასალის გამოყენების პირობები