"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, ჭადრაკის სასახლე ხარვეზებით შენდება. მისივე თქმით, სასახლის მეორე სართულის მშენებლობისთვის
ძველი კედლების ფუნდამენტი იქნა გამოყენებული. წითლიძე შესაბამის სამსახურებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მონიტორინგის ფარგლებში, დავათვალიერეთ ჭადრაკის სასახლის მშენებლობის პროცესი. გვქონდა ინფორმაცია, რომ იკვეთებოდა დარღვევები, კერძოდ სპეციალისტების თქმით, ჭადრაკის სასახლის მეორე სართულის მშენებლობისთვის ძველი კედლების ფუნდამენტი იქნა გამოყენებული, რაც მნიშვნელოვანი სამშენებლო ხარვეზია და საბოლოოდ შეიძლება სამშენებლო ბზარი გამოიწვიოს“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ წითლიძემ.
თავის მხრივ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შენობის რეაბილიტაცია პროექტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად მიმდინარეობს.
„ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და არა ახლის მშენებლობა. სამუშაოები მიმდინარეობს ისე, როგორც პროექტით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება კედელს, მას აქვს შევსების ფუნქცია და არ აქვს კონსტრუქციული დანიშნულება, ხოლო შენობის საყრდენი კონსტრუქცია შეცვლილია“, - აცხადებენ მერიაში.
ამავე ცნობით, რეაბილიტაციის პროცესს ზუგდიდის მერია და „აუდიტ ექსპორტი“ უწევს.
მასალის გამოყენების პირობები