წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერში 4 დღეა მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა
ალინა შეკერზიანოვამ უთხრა. მან ასევე თქვა, რომ ამის მიზეზი არ იციან.
„ძალიან რთული მდგომარეობაა. არც სასმელი წყალი გვაქვს და არც საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის გამოსაყენებელი. წყაროზე გვიწევს სიარული, მაგრამ ზოგისთვის ძალიან შორია“,- გვითხრა მან.
თავის მხრივ, წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ წყლის პრობლემა ენგურჰესში სარემონტო სამუშაოებისთვის წყალსაცავის დაცლის გამო შეიქმნა.
„ვეძებთ ალტერნატიული წყაროს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში ვეცდებით აღდგენას. ხვალ, სავარაუდოდ, გვეცოდინება, როდიდან შევძლებთ, რომ წყალი მიეწოდოს მოსახლეობას“, - თქვა ფარცვანიამ.
სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უარყო “ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ. მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე აქ სარემონტო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, თუმცა ზამთარში გახარჯული მარაგის გამო წყლის დონე მინიმალურ ზღვარზეა.
მასალის გამოყენების პირობები