ზუგდიდის საკრებულოში ლაზი მომღერლის ქაზიმ ქოიონჯუს ძეგლის დადგმის ინიციატივა მოქალაქე გივი ქარჩავამ შეიტანა.
ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, საკითხი უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განიხილება.
„აუცილებლად უნდა გავიდეს ეს საკითხი, მე პირადად ვემხრობი, რადგან ამ ადამიანმა ლაზების თვითმყოფადობის შენარჩუნებაში უდიდესი შრომა გასწია, რომ ლაზური ენა არ დაკარგულიყო და პროვიციაში, სადაც ის ცხოვრობდა, მისით ძალიან პოპულარული გახდა. ის ლაზური კულტურის აღორძინების სიმბოლო გახდა“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ ლაგვილავამ.
რაც შეეხება ადგილს, სადაც ქოიონჯუს ძეგლი უნდა დაიდგას, ლაგვილავამ გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ საუბარი არ ყოფილა, თუმცა თავად თვლის, რომ სკულპტურა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას უნდა განთავსდეს.
„ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა, რათა თანამოძმეებს არ დაეკარგათ თვითმყოფადობა და მის შენარჩუნებაში აქვს უდიდესი წვლილი შეტანილი“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
ლაზი მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ თურქეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. საკუთარ შემოქმედებაში ის მსმენელს როკისა და ლაზური სიმღერის სინთეზს სთავაზობდა. ქოიონჯუ 33 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები