ქურდული სამყაროს წევრობაზე ბრალდებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მათმა უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ უთხრა.
მისი თქმით, დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.
„გამოძიება გვეუბნება, რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულება, თუმცა ამის თაობაზე ბრალის წარდგენის შემდეგ იქნება ცნობილი. ორივეს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ“, - აღნიშნა ჯიტა გულიამ.
რაც შეეხება მესამე დაკავებულის ადვოკატს, ის ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში იმყოფება.
დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი 20 პირიდან რამდენიმემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა. მათი ადვოკატების ინფორმაციით, ისინი გამოკითხვაზე მხოლოდ მოწმის სახით იმყოფებოდნენ და ქურდულ სამყაროსთან არანაირ კავშირში არ არიან.
„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ჰკითხეს, კავშირი ჰქონდა თუ არა ქურდულ სამყაროსთან. მან უპასუხა შეკითხვებს. ის არ იყო დაკავებული, ის დაბარებული იყო მხოლოდ დაკითხვის მიზნით. მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით, თუმცა საქმეში მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს“, - აცხადებს რუსლან გუგუნავას ადვოკატი ზურაბ კინტირია.
სამართალდამცავებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა.
ამავე თემაზე:
შსს: ფოთსა და სენაკში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით სამი ადამიანი დავაკავეთ
მასალის გამოყენების პირობები