ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულ შს თანამშრომელს ომარ ხუხუასა და მასთან ერთად დაკავებულ გელა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ პროკურორმა მაია ჯაბუამ მიმართა. თავად ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლო პროცესში ისინი ადვოკატების გარეშე მონაწილეობდნენ, რადგან მათ თავად განაცხადეს დაცვაზე უარი.
ორივე დაკავებულს ბრალი 179-ე, 236-ე, 143--ე და 237-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედებათ, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და იარაღის გატაცებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ყაჩაღობა 2 მარტს, დილის საათებში ზუგდიდში მოხდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ინკასაციის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
მასალის გამოყენების პირობები