სენაკის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი 75 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის, საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიის
მომსახურებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.
კომისიამ დაადგინა, რომ საჭიროა სატენდერო პირობების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება, რათა სრულად იყოს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონთან, კონკრეტულად კი კონკურენციის შესახებ მუხლებთან. ამის შესახებ გამოქვეყნებულ ოქმშია აღნიშნული.
რაც შეეხება თავად ტენდერის პირობებს, გამარჯვებულმა კომპანიამ ძაღლების გადაყვანა თვეში ორჯერ უნდა უზრუნველყოს, ამასთან, ისინი ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდებით უნდა დაიჭირონ, ჩაუტარონ სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინარული მომსახურებები, ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ კი დააბრუნონ ბუნებრივ არეალში. ამასთან, ცხოველის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში, მისი ევთანაზია უნდა განხორციელდეს.
აქვე აღნიშნულია, რომ ცხოველების ვოლიერებს დეზინფექცია თვეში ორჯერ უნდა ჩაუტარდეს და თავშესაფარში შესაბამისი სტანდარტებით უნდა იყოს აღჭურვილი.
ტენდერში, რომლის შესყიდვის ღირებულება 6 ათასი ლარია, წინადადებები 30 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები