მეგრული ჯიშის მკვირცხლტემპერტამენტიანი თხების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრს 11 სულის მეგრული ჯიშის თხის შეძენა სურს. 2 500 ლარის ღირებულების შესაბამისი ტენდერი ცენტრმა
უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მეგრული ჯიშის 10 დედალი თხა უნდა იყოს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის, თეთრი ფერის და დაახლოებით, 25 კილოგრამს იწონიდეს, ცენტრი ასევე ერთ 40 კგ-იან მამალ თხას შეიძენს.
„შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ: კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, მეგრული ჯიშისთვის დამახასიათებელი ტიპიურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა; მაგარი კონსტიტუცია, მკვირცხლი ტემპერამენტი, კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
საქონელი გამარჯვებულმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანში უნდა მიაწოდოს. შესყიდვის მიზანი კი, ამავე დოკუმენტაციის თანახმად, გადაშენების ზღვარზე მყოფი მეგრული ჯიშის თხის მოძიება, შენარჩუნება და საკოლექციო სანაშენო ჯგუფის შექმნაა.
წინადადებები ტენდერში 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები