თეოლოგი დავით თორდია, რომელსაც ზუგდიდის მერობა სურს, ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ინფორმაციულ ვაკუუმშია. მან რადიო
„ათინათს“ უთხრა,
რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატად რამდენიმე მიზეზის გამო რეგისტრირდება, მათ შორის, როგორც თორდია განმარტავს, აუცილებელია, რომ ზუგდიდელებს პოლიტიკურ და ისტორიულ მოვლენებზე სრული ინფორმაცია ჰქონდეთ.
„ბევრი ფაქტორის გამო გადავწყვიტე მერად კენჭისყრა. როდესაც მე
მესტიიდან თბილისამდე ფეხით ჩავედი, არცერთ დიდ ტელევიზიას არ გაუშუქებია, არადა, ამ აქციის მიზანი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდოდა იმის გაჟღერება, რომ ღვთისმშობელი ქართველია და ამის დამადასტურებელი უამრავი რამ არსებობს. მეორე მიზეზი ის არის, რომ ზუგდიდს უნდა ჰყავდეს არა შემოგზავნილი და არამეგრელი, ან არაზუგდიდელი, არამედ, ადგილობრივი მერი. ასევე, სამეგრელოში ინფორმაციას გვიზღუდავენ და მისაწოდებელია, როგორც ისტორიული, ასევე, პოლიტიკური ინფორმაციები. ამასთან, სამეგრელოს აქვს შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურად განვითარდეს და ამასაც თავისი ფორმა და კალაპოტში ჩასმა სჭირდება“, - აღნიშნა თორდიამ.
რაც შეეხება მოლოდინებს, მერობის მსურველმა გვითხრა, რომ ყველაფერი თვენახევარში გაირკვევა.
„უნდა ვნახოთ ამ დროში. აქ არ მიცნობენ და უკეთესად უნდა გაიგონ, რას ვაკეთებ და რა არის გასაკეთებელი“, - თქვა დავით თორდიამ.
67-ე საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიაში 5-მა საინიციატივო ჯგუფმა
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადება შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები